საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 13-ჯერ გაიზარდა
საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 13-ჯერ გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 11.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წლების ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 4.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 10.8 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.