საქართველოდან ირანში დღეს კიდევ 300-მდე მოქალაქე გაემგზავრება
საქართველოდან ირანში დღეს კიდევ 300-მდე მოქალაქე გაემგზავრება

ირანსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, ირანის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება.

საქართველოდან ირანში დღეს 300-მდე მოქალაქე გაემგზავრება.

„ეს არის ჩვენი ავიაკომპანიის მიერ შესრულებული მეორე რეისი, პირველ საჰაერო ხომალდთან შედარებით, ეს საჰაერო ხომალდი უფრო დიდია, ამ შემთხვევაში 287 მგზავრი ჰყავს, რაც არის სრული რაოდენობა ჩვენი საჰაერო ხომალდის. სულ სავსეა რეისი. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია მომდევნო რეისებთან დაკავშირებით, თუმცა დასაშვებია და არის შესაძლებელი, კიდევ განხორციელდეს რეისები. ფასები ავიაკომპანიის მიერ არის გაწერილი, ჩვენ ამაში არ ვერევით, თუმცა რადგან ერთი მხარე ცარიელი მოფრინავს, რაღაცნაირად უნდა აანაზღაუროს თავისი შესრულებული რეისის ხარჯი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ფასები უფრო ძვირი იყოს. ძირითადი რაოდენობა არიან ტურისტები, რომლებიც ჩამოდიოდნენ საქართველოში, რაღაც პერიოდი რჩებოდნენ და უნდა წასულიყვნენ ისედაც უკან, თუმცა ამ მგზავრებში შეიძლება ურევია ისეთი მგზავრები, რომლებსაც აქვთ ცხოვრების უფლება საქართველოში და უნდათ, სახლში დაბრუნდნენ“ ,- განაცხადა ავიაკომპანია „ქეშმის“ წარმომადგენელმა ლევან მაწიაშვილმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ირანის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა.

ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით.