საქართველოდან იანვარ-ივლისში 219,5 ათასი ბოთლი ჭაჭის ექსპორტი განხორციელდა
საქართველოდან იანვარ-ივლისში 219,5 ათასი ბოთლი ჭაჭის ექსპორტი განხორციელდა

საქართველოდან, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში მსოფლიოს 24 ქვეყანაში 219,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭის ექსპორტი განხორციელდა, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 114 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სულ ექსპორტირებულია 638,5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 126 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში 9,9 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი იქნა ექსპორტირებული, რაც 20 პროცენტით აღემატება გასული წლის 7 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდა ამ შემთხვევაში, 7 პროცენტია.

რაც შეეხება ღვინოს, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ) – 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 19 პროცენტით მეტი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 173,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.