საქართველოდან დაფნის ფოთლის ექსპორტმა წელს 6,6 მილიონი დოლარი შეადგინა
საქართველოდან დაფნის ფოთლის ექსპორტმა წელს 6,6 მილიონი დოლარი შეადგინა

საქართველოდან დაფნის ფოთლის ექსპორტმა, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, 6 მილიონ 654 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.5 პროცენტით მეტია გასული წლის ცხრა თვის მაჩვენებელზე.

საქართველოდან დაფნის ექსპორტი 2009 წელს 2,6 მილიონ დოლარს შეადგენდა; 2010 წელს – 3,7 მილიონ დოლარს; 2011 წელს – 3,5 მილიონ დოლარს; 2012 წელს – 4,79 მილიონ დოლარს; 2013 წელს – 5,1 მილიონ დოლარს; 2014 წელს – 6,68 მილიონ დოლარს; 2015 წელს – 7,99 მილიონ დოლარს; 2016 წელს – 7,59 მილიონ დოლარს; 2017 წელს – 7,8 მილიონ დოლარს.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს დაფნის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაში განხორციელდა.  ამასთან, ფიქსირდება პროდუქციის გატანა ვიეტნამში, ჩინეთში, უზბეკეთში, მოლდოვაში, ავსტრიაში, ფილიპინებში, ლატვიაში, ნიგერიაში, ყირგიზეთში, პოლონეთში, ბელარუსში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში, ლიეტუვაში, გერმანიაში, კვიპროსზე, ინდოეთში, უნგრეთში, ირანში, სომხეთსა და აშშ-ში.

USAID-ის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოში დაფნის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულშია. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში დაფნის ფოთლის 49 ექსპორტიორია, დიდი და მცირე მწარმოებლების ჩათვლით. დაფნის ძირითადად, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში იწარმოება.