საქართველოდან აშშ-ში კიბერდანაშაულში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის ექსტრადირება განხორციელდა
საქართველოდან აშშ-ში კიბერდანაშაულში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოდან აშშ-ში კიბერდანაშაულში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის, ანდრეი ტიურინის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საიდუმლო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამსახურის ცნობით, ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს და ვაშინგტონის მოთხოვნით, აშშ-ს გადასცეს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეს ბრალად ედება აშშ-ის ფინანსური სტრუქტურების, საბროკერო ფირმებისა და ფინანსურ საკითხებზე მომუშავე მედიასაშუალებების კომპიუტერული სისტემებზე კიბერთავდასხმა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონის პროკურორმა ჯეფრი ბერმანმა
მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ექსტრადირების პროცედურაში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

ბერმანის თქმით, 35 წლის ანდრეი ტიურინი გლობალური ჰაკერული კამპანიის მონაწილე იყო. მისი ქმედებების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა კი 80 მილიონ ადამიანს აღემატება.

ტიურინი ნიუ-იორკში 7 სექტემბერს ჩაიყვანეს.

 

წყარო: აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ვებგვერდი