საქართველო წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საელჩოებს გახსნის
საქართველო წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საელჩოებს გახსნის

წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საქართველოს საელჩოები გაიხსნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნის უფრო ეფექტიანი ინტეგრაცია.

„მიმდინარე წელს ჩვენს საელჩოებს კიდევ ორი დაემატება. ეს გახლავთ საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში. ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიისა და ამავე დროს, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, მოვახდინოთ საქართველოს უფრო ეფექტიანი ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სპარსეთის ყურისა და აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის კუთხით განსაკუთრებული პოტენციალი არსებობს.

„ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ პოტენციალს ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობაში, ისევე როგორც აზიის ქვეყნებთან, რომელთა ეკონომიკაც ყველაზე სწრაფი ტემპებით იზრდება. შესაბამისად, მიმდინარე წელს, როგორც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისე ვიეტნამში საელჩოებს გავხსნით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.