საქართველო ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე ნამუშევრით იქნება წარმოდგენილი
საქართველო ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე ნამუშევრით იქნება წარმოდგენილი

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველო წელს რამდენიმე ნამუშევრით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას კინო ცენტრი ავრცელებს.

სწორედ ტორონტოში გაიმართება ქართველი რეჟისორის ნინო ჟვანიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „აღლუმი” მსოფლიო პრემიერა. ფილმი „აღლუმი“ ბავშვობის სამი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალია, მეორე – ქუჩის მხატვარი, ხოლო მესამე – ავანტურისტი მექალთანე მსახიობი.

ასევე, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ახალი წელი“. ეს არის დრამა გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ბევრის ცხოვრებას შეცვლის. გიორგი სიხარულიძის ნამუშევარი ტორონტოში უკვე მეორედ ხვდება. 2016 წელს საკონკურსო პროგრამაში მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წითელი ვაშლები” იყო წარდგენილი.

ამასთან, ტორონტოში გაიმართება ევა ჰუსონის ფილმის „მზის გოგონები” საერთაშორისო პრემიერა. ფილმი საფრანგეთი-ბელგია-საქართველოს კოპროდუქციაა და საქართველოშია გადაღებული.

„მზის გოგონები” წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე იყო წარდგენილი და კინოფესტივალის მთავარი პრიზის – „პალმის რტოსთვის” იბრძოდა.

ტორონტოს კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე – TIFF Filmmaker Lab, რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერ კინემატოგრაფისტებს მასპინძლობს, საკუთარ პროექტს „ცარიელი სახლი” რატი წითელაძე წარადგენს.

ფესტივალი კინო მოყვარულებს დღეიდან 17 სექტემბრამდე უმასპინძლებს.