საქართველო-ტაჯიკეთის კომუნიკე - მხარეები მიესალმნენ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის შექმნაზე შეთანხმებას
საქართველო-ტაჯიკეთის კომუნიკე - მხარეები მიესალმნენ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის შექმნაზე შეთანხმებას

მხარეებმა დაადასტურეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პრიორიტეტულობა და გამოხატეს სურვილი, ხელი შეუწყონ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის ზრდას, ექსპორტისა და იმპორტის დივერსიფიკაციას, აგრარული, ინოვაციის და ენერგეტიკის სექტორების განვითარებას, ასევე სამრეწველო თანამშრომლობას სამთო მეტალურგიის, მსუბუქი და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემომალი რახმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ბიზნესსექტორებს შორის კავშირების განვითარებას.

„მხარეებმა აღნიშნეს ციფრული ეკონომიკის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა და დაინტერესდნენ ამ სფეროებში მოწინავე პრაქტიკის გაცვლით. მხარეები მიესალმნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და ხაზი გაუსვეს მისი აქტიური მუშაობის მნიშვნელობას ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კავშირების განვითარებას, ერთობლივი საწარმოების შექმნას და ორმხრივი ინვესტიციების დაცვას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.