საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს
სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად აღიარებასთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემომალი რახმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული.
როგორც კომუნიკეშია ნათქვამი, ტაჯიკეთის რესპუბლიკა და საქართველო მხარს უჭერენ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის რეგულარული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სწრაფ დამყარებას და მზად არიან, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ პროექტები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში.
„ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ჯანდაცვის, ასევე კვლევით ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს შორის კონტაქტების განვითარებას.
ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს და ქმნის საიმედო სამართლებრივ საფუძველს ტაჯიკეთ-საქართველოს თანამშრომლობის არსებული პოტენციალის ურთიერთსასარგებლო რეალიზაციისთვის“, – აღნიშნულია კომუნიკეში.