საქართველო-სომხეთის საზღვარზე ხანძარია
საქართველო-სომხეთის საზღვარზე ხანძარია

საქართველო სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან, სასაზღვრო ზოლში ბუჩქნარი და ეკალბარდები იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.

„ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლოკალიზებაში 35-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართულია სომხეთის სახანძრო დანაყოფები.

აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის. სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება“,- აღნიშნულია განცხადებაში.