საქართველო-სომხეთის საზღვართან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირების მიზნით, ადგილზე სპეციალური შტაბი იმუშავებს  
საქართველო-სომხეთის საზღვართან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირების მიზნით, ადგილზე სპეციალური შტაბი იმუშავებს  

საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ მიმდებარედ სპეციალური შტაბი შეიქმნება, რომელიც საქართველო-სომხეთის საზღვართან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაუწევს კოორდინაციას.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე კარვებს შლიან.

პარალელურად, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ხანძრის კერების დათვალიერებისა და კონტროლის მიზნით, ადგილზე დრონითაც მუშაობს.

საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება. ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ რჩება. მაშველები ვარაუდობენ, რომ ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციას ორი დღე დასჭირდება.

ხანძრის ჩასაქრობად 120-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე 50 ჰექტარი.