საქართველო სამდღიან ფორუმს მასპინძლობს, სადაც ევროპა ნოსტრას წარმომადგენლებმა დავით გარეჯში განხორციელებული მისიის ანგარიში უნდა წარადგინონ
საქართველო სამდღიან ფორუმს მასპინძლობს, სადაც ევროპა ნოსტრას წარმომადგენლებმა დავით გარეჯში განხორციელებული მისიის ანგარიში უნდა წარადგინონ

საქართველო სამდღიან ფორუმს მასპინძლობს, სადაც პანევროპული ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას გენერალური მდივანი სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩი, ვიცე-პრეზიდენტი პიტ ჯასპაერტი და ევროპის საინვისტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტები საქართველოს მხარეს დავით გარეჯში ნოემბერში განხორციელებული მისიის ანგარიშს წარუდგენენ.

სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი, რომელიც სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით შემუშავებულ რეკომენდაციებს მოიცავს, სამომავლოდ დავით გარეჯის როგორც „ღია ცის ქვეშ მუზეუმის“ შექმნის კონცეფციასაც წარმოადგენს.

ევროპა ნოსტრას მისია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ევროპა ნოსტრას წარმომადგენლობა საქართველოში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით დღეს გაიხსნება და 20 აპრილს დასრულდება.

საერთაშორისო კონფერენციას 18 აპრილს ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გახსნიან.

2018 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგინებითა და ინიციატივით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ევროპა ნოსტრას პროგრამის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის ფინალურ ნუსხაში მოხვდა, რაც ქართული კულტურის უნიკალური ძეგლისთვის ევროპული ორგანიზაციების მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საერთაშორისო საექსპერტო რეკომენდაციებისა და საგრანტო ფინანსური რესურსის მოძიებას ითვალისწინებდა.