საქართველო საერთაშორისო სწავლებას MAPLE ARCH 21 უმასპინძლებს
საქართველო საერთაშორისო სწავლებას MAPLE ARCH 21 უმასპინძლებს

საქართველო პირველად უმასპინძლებს მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას MAPLE ARCH 21.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორის მენტორობით გაიმართება და მას ქართული მხარე – თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა უხელმძღვანელებს.

„სწავლების სრულყოფილად და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების MAPLE ARCH 21 ძირითადი დაგეგმარების კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გახსნა, საერთაშორისო სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. სწავლებაში მონაწილე ქართული მხარისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კონფერენციაზე წვრთნების მიზნებსა და მისი წარმატებით აღსრულების საკითხებს განიხილავენ“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ორკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნოემბერში გაიმართება.

„MAPLE ARCH 21-ში, კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად, ქართველი ინსტრუქტორებიც იქნებიან ჩართულები. მასში კანადელი, ქართველი, ლიეტუველი, უკრაინელი, პოლონელი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალები კი აღმოსავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფისა და JTEC-ის პირადი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებას, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში ნატო-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას.

MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.