საქართველო, როგორც საუკეთესო მაგალითი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის საერთაშორისო ონლაინ პანელზე მიიწვიეს
საქართველო, როგორც საუკეთესო მაგალითი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის საერთაშორისო ონლაინ პანელზე მიიწვიეს

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში ონლაინ პანელზე საქართველო COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი წარადგინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

პანელური დისკუსია სახელწოდებით „COVID-19 შავიზღვისპირა რეგიონში: პოტენციური საფრთხეები და რეგიონული კოორდინაცია“ შავი ზღვის რეგიონში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული პრობლემებისა და რეგიონული კოორდინაციის შესახებ 2 აპრილს მოეწყო.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო პანელურ დისკუსიაზე საქართველო, როგორც განსაკუთრებული ქეისის მქონე ქვეყანა მიიწვიეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიოში წამყვან ექსპერტებს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო.

პანელში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის, ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის, ბოსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო მკვლევარები და უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მონაწილეობდნენ. პანელის მოდერატორი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი იყო.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად საქართველოს მთავრობამ ეფექტური და რაც მთავარია, მყისიერი რეაგირება მოახდინა. მთავრობამ ქვეყანაში ვირუსის შემოღწევამდე ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. მიღებულმა ზომებმა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შეცვლა. საქართველოს მთავრობამ მყისიერად შეაჩერა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილებად გამოცხადნენ. შეიქმნა საკარანტინო ზონები, სადაც 14 დღის განმავლობაში გადაგვყავს თითოეული მგზავრი, რომელიც საქართველოს საზღვარს კვეთს. საქართველო აქტიური ტურისტული ქვეყანაა და შედეგად სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეები თავს კომფორტულად გრძნობენ. საქართველო მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი აკრძალვები დაწესდა გადაადგილების, ტრანსპორტის, შოპინგის და სხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საქართველოს ბრძოლა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ძალიან პოზიტიურად შეაფასა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო მობილიზებულია და მთავრობას აქვს მყარი სტრატეგია, თუ როგორ შემცირდეს ახალი კორონავირუსის გავრცელება.

„მოლოდინია რომ დაინფიცირების ციფრები გაიზრდება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად შეანელოს ზრდის ტემპი. საქართველოს მთავრობა აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას ახორციელებს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი, მკაფიო ინფორმაცია, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან COVID-19-თან ბრძოლაში საჭიროა ორმხრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას აქვს სტრატეგია, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაიცვას სოციალური დისტანციის სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანია კორონავირუსის სამომავლო გავრცელების პრევენციისთვის“, – განაცხადა დისკუსიისას მარიამ ქვრივიშვილმა.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში საერთაშორისო ონლაინ პანელის მსვლელობისას ქვრივიშვილმა ექსპერტებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების სრულად გააცნო.

ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი ვაშინგტონში 1946 წელს დაარსდა. ანალიტიკური ცენტრი საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს.

დატოვე კომენტარი