დავით ზალკალიანი - საქართველო რეგიონში და რეგიონს მიღმა აშშ-ის მთავარი დასაყრდენი ხდება
დავით ზალკალიანი - საქართველო რეგიონში და რეგიონს მიღმა აშშ-ის მთავარი დასაყრდენი ხდება

საქართველო რეგიონში და რეგიონს მიღმა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მთავარი დასაყრდენი ხდება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიიღო მნიშვნელოვანი გზავნილები და მხარდაჭერა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი იყო აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ბოლტონის განცხადება, სადაც მან ღიად დააფიქსირა, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში და იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, სამაგალითო უწოდა.

„მნიშვნელოვანი იყო ასევე სენატორ გრემთან შეხვედრაც, რომელმაც ასევე უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და იმ პროცესებს, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიმდინარეობს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობები და თავისუფალი ვაჭრობის განვითარებაა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრების მიზანია, მომავალში ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს.

„ვფიქრობ, ყველა ეს შეხვედრა მომავალში მოემსახურება იმას, რომ ეს ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანი პარტნიორი გავხდეთ მათთვის. მართალია, უკვე ვართ პარტნიორები, თუმცა მომავალში ეს როლი კიდევ უფრო გამოიკვეთოს, ჩვენი როგორც რეგიონში ლიდერის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერის ვიზიტი გრძელდება. 20 სექტემბერს დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან. მამუკა ბახტაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გახსნას დაესწრება, შემდეგ კი გენერალურ დებატებში მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს.