საქართველო პლაჟის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
საქართველო პლაჟის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველომ პლაჟის ფეხბურთში საკლუბო დონეზე ისტორიულ შედეგს მიაღწია, ხოლო ამ სახეობის მმართველი ევროპული ორგანიზაციისგან უდიდესი ნდობა დაიმსახურა.

როგორც ცნობილია, პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ბათუმის „დინამომ“ წარმატებით ჯერ ჯგუფური ეტაპი დაძლია, დღეს კი ბელარუსის ჩემპიონი, ბორისოვოს „ბატე“ 3:2 დაამარცხა და რვა საუკეთესო გუნდში მოხვდა, რაც გუნდის არსებობის და ქართული პლაჟის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ამას გარდა, საქართველოს პლაჟის ფეხბურთის ფედერაციისა და ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, ჯაბა ჭანტურიამ პირველ არხს უმნიშვნელოვანესი სიახლე აცნობა.

„ბათუმის „დინამოს“ მეოთხედფინალში გასვლაზე არანაკლებ სასიხარულოა ის ამბავი, რაც დღეს გადაწყდა – საპლაჟო ფეხბურთის ორგანიზაციასთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და 2019 წელს ბათუმი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საკითხი უკვე სამუშაო რეჯიმში გადადის და საქმეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაცია და ბათუმის მუნიციპალიტეტი ჩაერთვებიან. საქართველოში ევროპის ჩემპიონატის გამართვა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის ცნობადობისა გაზრდას და ბიუჯეტში მეტ შემოსავალს. ასე რომ, ეს მხოლოდ სპორტული საკითხი არ არის“, – ამბობს ჯაბა ჭანტურია.