საქართველო PEMPAL-ის საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს
საქართველო PEMPAL-ის საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს

საქართველო, PEMPAL-ის (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს, რომელსაც ცენტრალური აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 27 ქვეყნის, დაახლოებით, 75 დელეგატი ესწრება.

ღონისძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის/ჰარმონიზაციის ცენტრისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით იმართება. დღევანდელი ფორუმი სასტუმრო „ბალტმორში“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ და  სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა გახსნეს.

PEMPAL-ი მსოფლიო ბანკის მიერ დაფუძნებული გაერთიანებაა, რომელშიც სახელმწიფო ხარჯების მართვის სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეები არიან გაწევრიანებული. გაერთიანების მიზანია, ცენტრალური აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

ფორმატი მოიცავს საჯარო ფინანსების მართვის სამი კომპონენტის ირგვლივ გაერთიანებულ სამუშაო ჯგუფებს: სახაზინო, საბიუჯეტო და შიდა აუდიტი.

„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ტარდება ფორუმი, რომელიც დაკავშირებულია შიდა აუდიტის დანერგვის საკითხებთან. ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა დარჩენილია საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, ამიტომ აღნიშნული შეხვედრა როგორც ჩვენ, ისე მასში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს, დაეხმარებათ პრაქტიკაში დანერგონ რეფორმები, რომელიც დაკავშირებულია შიდა აუდიტის, მათ შორის, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების დანერგვასთან, რაც საბოლოოდ, საჯარო ფინანსების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თქმით, PEMPAL-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა ერთმანეთს საჯარო ფინანსების ეფექტიანად მართვის საკითხში გამოცდილება გაუზიარონ.

„მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვალეობა, კორუფციისა და საზოგადო სახსრების არასწორად გამოყენების გამოწვევების დაძლევაა. შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შესწავლილი და გაზიარებული იქნება პრაქტიკა, რომლებიც უზრუნველყოფს საჯარო სახსრების ეფექტიან გამოყენებას“, – განაცხადა მერსი ტემბონმა.

ამასთან, როგორც მსოფლიო ბანკის პროექტის მენეჯერმა არმან ვატიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილება საჯარო სექტორის შიდა აუდიტის მნიშვნელობა და გავლენა.

„ასევე,  განვიხილავთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ უფრო ეფექტიანად, რათა მივიღოთ შესაბამისი შედეგები და ხარისხიანი სერვისები მოქალაქეებისთვის. საქართველო ძალიან აქტიურად იყო ჩაბმული შიდა აუდიტის საზოგადოების პრაქტიკულ სამუშაოებში, მისი დაარსებიდან – 2006 წლიდან, პროგრესული რეფორმებისა და ძირითადი მიღწევების დემონსტრირებით. საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების გარდა, საქართველოში შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი არის იმის სურვილი, რომ შევიძინოთ გამოცდილება ჩვენი მასპინძელი ქვეყნისგან, რომელმაც უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ვართ, გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგება საჯარო სექტორის რეფორმების, საჯარო ფინანსური მენეჯმენტის რეფორმებისა და შიდა აუდიტის რეფორმების პროცესში, მაინც იდენტურია. შესაბამისად, გაკვეთილი, რომელიც კონკრეტულმა სახელმწიფომ უკვე შეისწავლა, ძალიან გამოსადეგი და გამოყენებადია სხვა ქვეყნებისთვის“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის პროექტის მენეჯერმა, არმან ვატიანმა.

ფორუმი, რომლის ორგანიზებაში ჩართული იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.

PEMPAL-ი (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) პროგრამა მსოფლიო ბანკმა 2005 წელს დააფუძნა. პროგრამის მიზანია, სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში დასაქმებულ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების გზით.