საქართველო პარტნიორ ქვეყნებს საბრძოლო მზადყოფნის შეფასებას საკუთარი ინფრასქტრუქტურის გამოყენებით სთავაზობს
საქართველო პარტნიორ ქვეყნებს საბრძოლო მზადყოფნის შეფასებას საკუთარი ინფრასქტრუქტურის გამოყენებით სთავაზობს

საქართველო პარტნიორ ქვეყნებს სთავაზობს, როტაციული პრინციპით, სხვადასხვა ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის შეფასება ტრენინგების საფუძველზე, საქართველოს ინფრასქტრუქტურის გამოყენებით განხორციელდეს.

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული შესაძლებლობა ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, შეხვედრა გაიმართა რუმინეთის, თურქეთის, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები და ურთიერთობების გაღრმავების, ასევე შავ ზღვაში უსაფრთხოების განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.

„ჩვენ აღვნიშნეთ მრავალეროვნულ სწავლებებში ჩართულობის ინტენსიფიკაციის აუცილებლობა და ყველა ქვეყნისგან თანხმობა მივიღეთ. აღვნიშნეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ასპექტიც, რაც სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას ნიშნავს. ეს რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით პრიორიტეტი იქნება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ამასთან, მისი თქმით, წელს მნიშვნელოვანი აქტივობები იგეგმება კიბერუსაფრთხოების მიმართულებითაც.

ლიეტუვა იქნება ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად, ამ მიმართულებით თანამშრომლობას გააძლიერებს. კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი განზომილებაა, რომელიც ხმელეთთან, ზღვასთან და საჰაერო კომპონენტთან ერთად, მომავალში ამ თანამშრომლობით გაძლიერდება.

განხილული იყო შესაძლებლობა, რომ როტაციული პრინციპით სხვადასხვა ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის შეფასება ტრენინგების საფუძველზე ჩვენი ინფრასქტრუქტურის გამოყენებით მოხდეს. ეს გასულ წელს პირველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო და ისტორიული ნაბიჯი იყო საქართველოს ფარგლებში მეტი ნატო-ს უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ლევან იზორიას თქმით, პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე ახალი ინიციატივის რეალიზების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნას გულისხმობს.

ვიზიტის ფარგლებში დღეს ლევან იზორია ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს, როუზ გოტემოლერს შეხვდა.