საქართველო პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული მიდგომების საერთაშორისო პოზიციონირებას და მსოფლიოსთვის ერთიანი მიდგომების შეთავაზებას გეგმავს
საქართველო პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული მიდგომების საერთაშორისო პოზიციონირებას და მსოფლიოსთვის ერთიანი მიდგომების შეთავაზებას გეგმავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია JPM Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაციას დღეს გამართავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კვლევა COVID-19 პანდემიის კრიზისულ პერიოდში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების საჭიროებებზე რეაგირების და მათი დახმარების მიზნით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეხება და წარმოგვიდგენს, როგოც ეროვნულ დონეზე, ასევე უშუალოდ ბენეფიციართა უკუკავშირს გაწეული საქმიანობის საჭიროებასა და მიზანშეწონილობაზე.

საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებს ასევე გააცნობს პანდემიის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს პრეცედენტულ მიდგომას და საქართველო გეგმავს აღნიშნული გადაწყვეტილებების საერთაშორისო პოზიციონირებას, როგორც პანდემიის დროს სამაგალითო მიდგომის და საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი რეგულაციების შემუშავებას შესთავაზებს.

“აღსანიშნავია, რომ პანდემიის აფეთქების კრიზისულ პერიოდში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების და მათ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირების მიზნით პრემიერ-მინისტრთან შექმნილ საკოორდინაციო საბჭოსთან განისაზღვრა ორი ძირითადი ამოცანა: 1) მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე (უცხოეთში) 2) მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.
2020 წლის 18 ივლისის მონაცემებით სახელმწიფოს ჩართულობით, სამშობლოში დაბრუნდა 22,862 მოქალაქე, ხოლო ადგილზე დახმარება გაეწია 23, 296 თანამემამულეს.

აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიის მოულოდნელი აფეთქების პირობებში, თანამემამულეების საჭიროებებზე რეაგირების და მათთვის მყისიერი დახმარების აღმოჩენის პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწია ისეთი გადაწყვეტილებების და მიდგომების გამოყენება, რომელიც აქამდე საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობდა და გამომდინარეობდა მსოფლიოში შექმნილი არაორდინალური ვითარებიდან.

სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი გახდა, არა მხოლოდ მოქალაქეთა რეპატრიაციის უზრუნველყოფა, არამედ სამშობლოში გამომგზავრებამდე მათი ადგილზე დახმარების უზრუნველყოფა, რაც მოიცავდა უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფას, მათთვის საკვების/წყლის/მედიმაკმენტების და სხვა აუცილებელი საჭიროებების მიწოდებას, მათთვის სამედიცინო კონსულტაციების და სამედიცინო მომსახურების მიღების უზრუნველყოფას და სხვა. სახელმწიფომ თავიდანვე განსაზღვრა სპეციალური კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდათ შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებს, ფეხმძიმე ქალებს და მცირეწლოვნებს, არასრულწლოვნებს, ხანდაზმულებს (65 წელს მიღწეული), სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს. 2020 წლის 18 ივლისის მონაცემებით პანდემიის კრიზისულ პერიოდში მსგავსი სახის დახმარება მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა 23,296 თანამემამულემ.

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია JPM Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევამ, გამკლავებოდნენ კორონავირუსს, მაღალი შეფასება მიიღო და მათ შორის დიდი მოწონება დაიმსახურა სახელწმიფოს მხრიდან პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეთა ადგილზე დახმარების და მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესმა”,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.