საქართველო ნატო-ს სამიტების დეკლარაციებში - ქრონოლოგია
საქართველო ნატო-ს სამიტების დეკლარაციებში - ქრონოლოგია

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ხელშეკრულების ორგანიზაცია ყოველ ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ ატარებს სამიტს, რომელსაც რომელიმე წევრი ქვეყანა მასპინძლობს. სამიტს ესწრებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები.

საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტი. რუმინეთის დედაქალაქში შეკრებილმა ნატო-ს ლიდერებმა საქართველოს მისწრაფებაზე მკვეთრი განცხადება გააკეთეს.  მოლოდინის მიუხედავად, საქართველომ 2008 წლის სამიტზე ვერ მიიღო წევრობის სამოქმედო გეგმა, მაგრამ კონსენსუსი შედგა დეკლარაციაში საქართველოს შესახებ ჩანაწერზე.

 

ბუქარესტის სამიტი – 2008 წლის 2-4 აპრილი

ნატო-ს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ქართულმა მხარემ განცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, რაც არაერთხელ დადასტურდა ნატო-ს მომდევნო სამიტებზე.

2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს მზადყოფნა და მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ. ნატო-საქართველოს კომისია ოფიციალურად 2008 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროს დაფუძნდა.

 

2009 წელი. სტრასბურგი – კელის სამიტი, 3-4 აპრილი

სტრასბურგი – კელის სამიტზე ალიანსის წევრებმა დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებებისადმი.

2010 წელი 19-20 ნოემბერი ლისაბონი . ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი

ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა მიიღეს სამიტის დეკლარაცია. დეკლარაციაში მოკავშირეებმა დაადასტურეს ერთგულება ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადწყვეტილების მიმართ და აღნიშნეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო.

ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსის წევრებმა მოუწოდეს რუსეთს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ და ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ.

მოკავშირეები მიესალმნენ საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციებში. დეკლარაციაში აღინიშნა, რომ ალიანსი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების პროცესს და მიესალმება საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნას, რომელიც ხელს შეუწყობს ალიანსის მიერ მხარდაჭერის აღმოჩენას რეფორმების გატარების კუთხით.

სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში გაიხსნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი. სამიტზე ითქვა, რომ სამეკავშირეო ოფისი საქართველოს დაეხმარება რეფორმების გატარებაში, ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში, მისი ევროატლანტიკური მისწრაფების წინსვლაში.

 

ჩიკაგოს სამიტი – 2012 წელი, 20-21 მაისი

ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს პირველად მიენიჭა ასპირანტი ქვეყნის სტატუსი. სამიტზე ხაზი გაესვა ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში გაკეთებულ ჩანაწერს. აღინიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

 

უელსის სამიტი – 2014 წლის 4-5 სექტემბერი

უელსის სამიტზე საქართველო იყო ნატო-ს ერთადერთი პარტნიორი, რომელმაც მიიღო თანამშრომლობის გაძლიერებული პაკეტი ე.წ. „არსებითი შესაძლებლობების პაკეტი“. პაკეტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მომზადება.

„არსებითი შესაძლებლობების პაკეტის“ ფარგლებში, 2015 წელს საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გაიხსნა. 2016 წელს გაიხსნა თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლა.

უელსის სამიტზე ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა საფუძველი ჩაუყარეს პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივას. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბდა გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფი იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდათ ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში.

გაძლიერებული შესაძლებლობების ოთხ ქვეყანასთან ( შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია და იორდანია) ერთად ჯგუფში მეხუთე წევრად საქართველო მიიწვიეს. საქართველო გაწევრიანდა თავსებადობის პლატფორმისა და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის ჯგუფში და საქართველოს ნატო-ს სტრატეგიული მნიშვნელობის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

უელსის სამიტმა ისევ გაიმეორა ბუქარესტის დეკლარაციის ჩანაწერი. დოკუმენტში ხაზი გაესვა, რომ 2008 წლის სამიტის შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ამბიციური რეფორმების განხორციელებით, ნატო-საქართველოს კომისიისა და წლიური ეროვნული პროგრამის ეფექტიანი გამოყენებით კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა ალიანსს.

სამიტის დეკლარაციაში აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო მექანიზმი, რომლებიც საბოლოო მიზანს – ალიანსის წევრობას ემსახურება. მოკავშირეებმა დაადასტურეს ნატო-ს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

ნატო-მ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ორგანიზაციამ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოდან და აიღოს ძალის არგამოყნებაზე ვალდებულება. მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

 

ვარშავის სამიტი – 2016 წლის 8-9 ივლისი

ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში, სამიტის პარალელურად პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. სხდომის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება.

სამიტზე ნატო-მ დაადასტურა ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსადმი. საქართველო დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე თავსებად, სანდო და ქმედით პარტნიორად. დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

ალიანსმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რათა ალიანსის წევრობისთვის მოემზადოს. ორგანიზაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილ წვლილს.

სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, გაძლიერდა ნატო-ს მიერ საქართველოსთვის მინიჭებული „არსებითი შესაძლებლობების პაკეტი“. ალიანსის გადაწყვეტილებით, ნატო საქართველოს დაეხმარება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო კონტროლის განვითარებაში, სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.

ვარშავის სამიტზე გადაწყდა, რომ ნატო აქტიურად დაიწყებს შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველო ამ პროცესში სრულად ჩართული იქნება. საქართველო მონაწილეობს შავი ზღვისა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ დიალოგში.