საქართველო მშპ-სთან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფარდებით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა
საქართველო მშპ-სთან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფარდებით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საუკეთესო მაჩვენებლების მქონე მსოფლიოს 76 ქვეყანას შორის საქართველო ტოპხუთეულშია. ინფორმაციას ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

შესაბამის რეიტინგს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმედია ჰოლდინგის, Financial Times-ის ჯგუფის წევრი fDi Intelligence-ი Greenfield FDI Performance index-ში აქვეყნებს.

ამასთან, წლევანდელ რეიტინგში საქართველომ პოზიციები 20 ადგილით გაიუმჯობესა.

ინდექსის თანახმად, 2022 წელს, მშპ-სთან მიმართებით, საქართველომ პროექტების რაოდენობით რეკორდული ზრდა დააფიქსირა და არსებული მაჩვენებელი გააოთხმაგა.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2022 წელს რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა, რამაც 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Greenfield FDI Performance index-ში კოსტა რიკა ლიდერობს, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სერბეთი მოსდევს. ინდექსში საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა პორტუგალია, ლიეტუვა და სინგაპური.