საქართველო „მომავლის ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციად“ დასახელდა
საქართველო „მომავლის ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციად“ დასახელდა

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ „FDI intelligence“ 2017/18 წლისთვის ტურიზმის სფეროში მომავლის საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციები დაასახელა, რომელთა შორის საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველომ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციის ჯილდო რამდენიმე მიმართულებით დაიმსახურა.

„სპა და გამაჯანსაღებელ სექტორში, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის დარგში, ასევე უცხოელი ვიზიტორების მრავალფეროვნებისა და ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების გამარტივებული პროცედურებით შემოსვლის მიმართულებით საქართველო წამყვანი ქვეყანა გახდა.

ინვესტიცია სასტუმრო ინდუსტრიის დარგში საკმაოდ მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, რომელმაც გარდამტეხი ზრდა აჩვენა საერთაშორისო ტურისტების ნაკადით. სწორედ ამიტომ, ტურიზმის სფეროში საქართველო მომავლის ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციად დასახელდა.

მიმდინარე წელს, აღნიშნულ სექტორში მთავარ მიღწევად 70 მილიონი ევროს ოდენობით განხორციელებული ინვესტიცია ითვლება, რომელიც შვიდვარსკვლავიანი სასტუმროს – “Biltmore Hotel Tbilisi” მშენებლობისთვის გამოყო უცხოელმა ინვესტორმა, ხოლო 25 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს “Castello Mare Hotel & Wellness Resort” მშენებლობისთვის, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორში, 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა სპა და გამაჯანსაღებელი ინდუსტრია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ინვესტორების მოსაზიდად და წყალტუბოში სპა და გამაჯანსაღებელი ქალაქის განვითარებისათვის. ხსენებული სექტორი ხელს უწყობს საქართველოს წარმოაჩინოს საკუთარი კონკურენტული უპირატესობები და მოიზიდოს მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. სწორედ რომ მოცემული მიმართულების მეშვეობით, საქართველომ განსაკუთრებული ჯილდო მიიღო სპა და გამაჯანსაღებელ სექტორში, როგორც საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციამ.

ამასთანავე, ხაზი უნდა გაესვას, რომ თითოეულ უცხოელ ინვესტორს, რომელიც საქართველოს ბაზრით არის დაინტერესებული, შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით, რომელიც მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

2016 წლის მანძილზე საქართველოში 6.35 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით, 7.6%-ით მეტია, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტების ეთნიკური მრავალფეროვნება საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და შესაბამისად, საქართველომ სტუმრების მრავალფეროვნების დარგშიც მიიღო განსაკუთრებული ჯილდო.

2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აამოქმედა ელექტრონული ვიზის (e-Visa) პორტალი, რომელიც გამარტივებული წესით სთავაზობს ვიზის მიღების შესაძლებლობას იმ პირებს, რომლებიც მოკლევადიანი მიზნით სტუმრობენ საქართველოს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში გამოცხადების გარეშე, სამი მარტივი საფეხურის გავლით მიიღებს მოკლევადიან ვიზას. ეს საფეხურებია: განაცხადის რეგისტრაცია, ონლაინ გადახდა და ელექტრონული ვიზის ამობეჭდვა. პორტალის მეშვეობით ვიზის მიღებას ბევრი უპირატესობა აქვს. არ საჭიროებს მიღებაზე ჩაწერას, ან დოკუმენტაციის წარდგენას საელჩოში თუ საკონსულოში.

ელექტრონული ვიზის მიღება მარტივად, ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება და ის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ისეთივე უფლებას იძლევა, როგორსაც ჩვეულებრივ პასპორტში ჩაკრული ვიზა. სწორედ აღნიშნული შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველომ ქვეყანაში გამარტივებული პროცედურებით შემოსვლის ჯილდო (Ease of Entry award) დაიმსახურა” – აცხადებს ცნობილი ბრიტანული გამოცემის „FDI intelligence“ რედაქტორი.