საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივას ოფიციალურად უერთდება
საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივას ოფიციალურად უერთდება

საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივას ოფიციალურად უერთდება.

კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი ესწრებოდა, კლუტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გაიმართება.

მინისტრის განცხადებით, ამ პერიოდში 12 ვიდეორგოლი, 11 ანიმაცია და 40 ინფოგრაფიკა შეიქმნება.

ღონისძიებაზე შედგა პრეზენტაცია სამი ვიდეორგოლის – „გზა არქეოლოგიური აღმოჩენიდან საგამოფენო დარბაზამდე“, „ლურჯი სუფრა“ და „ქსოვილი საქართველოდან“, რომელიც კამპანიის ფარგლებში მომზადდა.

„დღეს კულტურული მემკვიდრეობის როლი ბევრად უფრო გააზრებულია, ვიდრე წარმოგვიდგენია და აქამდე მიღებული იყო. ევროკავშირის ინიციატივას საქართველო სიხარულით უერთდება. მთელი წლის განმავლობაში მრავალფეროვანი ღინისძიებების კალენდარია შედგენილი. გარდა ამისა, ძალიან ინტენსიური და საინტერესო საინფორმაციო კამპანიაა დაგეგმილი, რომელიც სამხატვრო აკადემიასთან ერთად დამზადდა. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მთავარი მიზანი ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობასთან და როლთან დაკავშირებით მიღწეული იქნება წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა გიორგაძემ.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მაშტაბით 101 მუზეუმი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის მოეწყობა 14 გამოფენა საქართველოში და 6 საზღვარგარეთ.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ინიციატივის მთავარი მიზანი კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მნიშვნელობისა და როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ოთხი ძირითადი გზავნილია დაცვა, ჩართულობა, მდგრადობა და ინოვაცია.

ევროკომისიის ინიციატივითა და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოცხადდა. ინიციატივას ევროკავშირის სულ 34 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის ევროკავშირის ორი არაწევრი ქვეყანა – საქართველო და უკრაინა.