საქართველო კანის კინობაზრობაზე პავილიონით მეთერთმეტედ იქნება წარმოდგენილი
საქართველო კანის კინობაზრობაზე პავილიონით მეთერთმეტედ იქნება წარმოდგენილი

კანის კინობაზრობაზე საქართველო პავილიონით წელს მეთერთმეტედ იქნება წარმოდგენილი. საქართველოს სტენდზე არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი სანდენსის, სან სებასტიანის, კარლოვი ვარის, ტორონტოს კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. პარალელურად, დაგეგმილია საქართველოს, როგორც გადასაღები ქვეყნის და პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია.

14 მაისს კანის კინოფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციულად გაიმართება ქართული წვეულება, რომელიც წელს ქართული კინოს 110 წლისთავს მიეძღვნება.

კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში კი, ოქროს პალმის რტოსთვის იბრძოლებს საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქცია „მზის გოგონები“. ფილმის რეჟისორია Eva Husson, ხოლო პროდიუსერები – Didar Domehri, Etienne Comar, ვლადიმერ კაჭარავა, Jospeh Rouschop, Dan Wechsler და Jamal Zeinal Zade. კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმში მონაწილე ქართველი მსახიობებიც გაემგზავრებიან. „მზის გოგონები“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით შეიქმნა.

წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში 14 მაისს Nespresso beach-ზე დააჯილდოებენ გავლენიანი ამერიკული გამოცემის, Variety-ს რჩეულ პროდიუსერებს. გამოცემის რჩეული სტატუსი საქართველოდან, ლაშა ხალვაშმა დაიმსახურა ფილმებისთვის „საშიში დედა“ და „ჰორიზონტი“.

კანის კინოფესტივალის რეზიდენციის პროგრამაში Cinefondation მისი ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტის „ნენე“ განვითარებაზე იმუშავებს ახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი.

კანის კინოფესტივალის სექციაში Shoot the Book პირველად შეირჩა ქართული რომანი, რაც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობას უკავშირდება. აკა მორჩილაძის obOle საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე 15 მაისს წარდგება. ქართველი ავტორის ნაწარმოები კანში 10 საუკეთესო რომანს შორის მოხვდა.

ახალგაზრდა რეჟისორის რატი წითელაძის პროექტი „ცარიელი სახლი“ (პროდიუსერი – ნინო ვარსიმაშვილი) წარდგენილია კჟისტოფ კიშლოვსკის სახელობის პრიზზე, რომელიც საუკეთესო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული სცენარისათვის გაიცემა. ღონისძიება კანის კინოფესტივალის ფარგლებში პოლონეთის ინსტიტუტისა და პროგრამის Script East მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალი დღეს გაიხსნება და 19 მაისს საზეიმოდ დაიხურება.