საქართველო ჯაზის საერთაშორისო დღეს ირაკლი დავრიშევისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტით აღნიშნავს
საქართველო ჯაზის საერთაშორისო დღეს ირაკლი დავრიშევისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტით აღნიშნავს

საქართველო ჯაზის საერთაშორისო დღეს ჯაზ-ბენდის ირაკლი დავრიშევი (Irakli Louis Ambassadors) და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტით აღნიშნავს.

ექვსი მუსიკოსისგან დაკომპლექტებული ჯაზ-ბენდის ლიდერი ქართველი ემიგრანტების შთამომავალი ირაკლი დავრიშევი-დავრიშაშვილია, რომელიც სამშობლოში კონცერტს პირველად გამართავს.

მისი შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ჯაზის გენიალურ ლეგენდას, ლუი არმსტრონგს. ირაკლი დავრიშევის კარიერაში უმნიშვნელოვანესი თარიღია1965 წლის 4 ივნისი, როდესაც მან ერთობლივი კონცერტი გამართა ლუი არმსტრონგთან. მუსიკოსი წლების განმავლობაში იყო ცნობილი კონფერანსიე, რომელიც პუბლიკას აცნობდა არმსტრონგის შემოქმედებას. მუსიკოსს გამოცემული აქვს არაერთი ალბომი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერითა და სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ორგანიზებით, 30 აპრილს, 19 კონცერტი ღია ცის ქვეშ ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართება.

ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკო-ს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკო-ს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით 30 აპრილს დაწესდა და პირველად 2012 წელს პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში აღინიშნა.

ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე მღერიან.