„საქართველო იზრდება“ - საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატია
„საქართველო იზრდება“ - საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატია

„საქართველო იზრდება“ – სტატიას ამ სათაურით საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს.

შესავალში აღნიშნულია, რომ საქართველო, რომელიც დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაჯვარედინზეა და რომლის მოსახლეობა 3.7 მილიონია, სწრაფი ტემპით ვითარდება.

“მთავრობის პროგრამა, რომლის მიზანი ინვესტიციების მოზიდვაა, წარმატებული აღმოჩნდა”, – ნათქვამია სტატიაში.

ფონდის წარმომადგენელმა ინტერვიუ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ჩაწერა. ერთ-ერთი კითხვა დაგეგმილზე მაღალ, 4.7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, სარეიტინგო სააგენტო „Moody’s“ გაუმჯობესებულ საკრედიტო რეიტინგს და გაზრდილ ექსპორტს შეეხებოდა.

„მართლაც, ეკონომიკა საკმაოდ კარგად იზრდება. უახლესი მაჩვენებელი გაცილებით უკეთესია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ან თუნდაც ჩვენს პროგნოზზე. ტურიზმი ყვავის და შარშანდელზე 28 პროცენტით მეტი შემოსავალი აქვს, ექსპორტი 28 პროცენტით არის გაზრდილი, ფულადი გზავნილები 22 პროცენტით. პირველ ორ კვარტალში შეიქმნა დამატებით სამუშაო ადგილების 5 პროცენტი. ასეთი მყარი ზრდის მისაღწევად, მთავრობამ შეიმუშავა რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ რეფორმებს, ღია მმართველობას, ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს და რეფორმებს განათლებაში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოგების გადასახადის რეფორმის განხორციელებისთვის, მთავრობას არაპირდაპირი გადასახადების ნაწილის, მათ შორის აქციზის გაზრდა გადაწყვიტა.