საქართველო ისტორიულ ევრობასკეტს ბელგიასთან მატჩით გახსნის - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველო ისტორიულ ევრობასკეტს ბელგიასთან მატჩით გახსნის - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები დღეს ევრობასკეტი 2022-ის პირველ მატჩს გამართავს. ისტორიული ევრობასკეტის გახსნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი ბელგიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვინც მატჩზე დასწრებას ვერ შეძლებს, საშუალება ექნება საქართველოს ნაკრებს რიყის პარკში, პირველი არხის საგულშემატკივრო ზონიდან დიდ ეკრანზე უქომაგოს. სადაც ასევე გაიმართება გათამაშებები და საინტერესო სპორტული აქტივობები.

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ჩვენთვის ისტორიული ორი მიზეზის გამოა – საქართველო ჩეხეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან ერთად შეჯიბრების მასპინძელია.

2022 წელს ევრობასკეტის თბილისში გამართვას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: ზუსტად 100 წლის წინ, 1922 წელს შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში კალათბურთი – უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე პირველი კალათი დაიდგა. ჩვენი ქვეყანა კალათბურთის 100 წლისთავს ზეიმობს.

 

საქართველო

საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა თავის პირველ ევრობასკეტზე (2011 წელს) გახნის მატჩი სწორედ ბელგიასთან გამართა და დიდი ანგარიშით, 81:59 გაიმარჯვა.

იმედი დავიტოვოთ, რომ ანგარიში და სხვაობა თუ არა, შედეგი დაემთხვევა და „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატს გამარჯვებით გახსნიან.

ჩვენს გუნდს აქამდე ოთხ ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია და სამ შემთხვევაში შეჯიბრება მოგებით დაიწყო.

საქართველოს ნაკრებში NBA-ის ორი კალათბურთელი თამაშობს – გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. თუმცა არის დიდი დანაკლისი: 24 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მხრის ტრავმა მიიღო კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ და ევრობასკეტზე ვეღარ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ოპტიმისტურადაა განწყობილი:

„დიდი ხანი ვოცნებობდით ამ მომენტის დადგომაზე, ახლა კი უმაღლესი რანგის ღონისძიებას ვმასპინძლობთ. კიდევ ერთხელ, იმედია კარგად ვითამაშებთ და შემდეგი რაუნდის სათამაშოდ ბერლინში გავემგზავრებით. რომელი ადგილით ვგეგმავთ და გვსურს პლეი ოფში გასვლა?!

ჩვენთვის მიზანი ბერლინის ეტაპზე მოხვედრაა. კალათბურთში ყოფნის პერიოდში იმას მივხვდი, რომ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. არსებულ ვითარებაზე სწორი რეაქცია უნდა გვქონდეს, შინ ვთამაშობთ და გულშემატკივრის მხარდაჭერა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ამავდროულად, ზეწოლაცაა. თუმცა, უნდა მოვახერხოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. საჭირო სამუშაოები უკვე ჩატარებულია, ჩვენ არა მხოლოდ ეს ჯგუფი, არამედ პოტენციური მეტოქეებიც შევისწავლეთ. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა და პირველად მიზანს მივაღწიეთ, მოთამაშეებამდე ინფორმაციის მისატანად 2 დღე გვექნება. დღეს კი მთავარი ბელგიასთან მატჩია, დანარჩენი კი შემდეგ ვნახოთ“.

 

ბელგია

ბელგიის ნაკრებში ვარსკვლავები არ არიან, თუმცა  გუნდური თამაშით გამოირჩევა და შესარჩევ ეტაპებზე მაღალ შედეგებსაც აღწევს. ევროლიგის გუნდიდან ჩვენს მეტოქეებს ერთადერთი კალათბურთელი ჰყავთ – რეტინ ობაჰოსანი ფრანგული „ვილერბანის“ ღირსებას იცავს.

გაცილებით გამოცდილია ჯონათან ტაბუ, რომელიც ქართველებისთვის კარგად ნაცნობია: გიორგი შერმადინთან და მანუჩარ მარკოიშვილთან ერთად იტალიურ „კანტუში“ გამოდიოდა. მას საქართველო-ბელგიის ოთხიდან სამ ოფიციალურ მატჩში უთამაშია.

ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარიო ჯერჯია:

„ჩვენი მეტოქის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში NBA-სა და ევროლიგის კალათბურთელები არიან. იგივე გოგა ბითაძე ავიღოთ, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა, უკვე ნამდვილი ვეტერანივით თამაშობს, რადგანაც კალათბურთი საოცრად კარგად ესმის. ვფიქრობ, ძირითადი აქცენტი მოხსნებზე უნდა გავაკეთოთ და მეტოქეს ფარქვეშიდან იოლი ბურთების ჩაგდების საშუალება არ მივცეთ.

ვერ ვიტყვი, რომ მათი პერიმეტრის მოთამაშეები რამით ჩამორჩებიან. ალბათ, ყველას გახსოვთ ერთი კვირის წინ ნიდერლანდებთან გამართული შეხვედრა. საქართველოს მხოლოდ 3-4 წუთი დასჭირდა, რათა თანაბარი თამაშის ფონზე დიდი გაქცევა მოეწყო. ისინი აგრესიულ თამაშზე გადავიდნენ, რამაც მეტოქის დაკარგვები გამოიწვია, ამას კი სწრაფი შეტევები მოჰყვებოდა“.

  ბელგია
მოთამაშე სმ დაბ. კლუბი
ისმაელ ბაკo 208 1995 იტალია (ვირტუსი)
ვრენზ ბლეიენბერგი 208 2000 ოოსტენდე (ბელგია)
ჰარის ბარატანოვიჩი 208 2001 ოოსტენდე (ბელგია)
მაქსიმ დე ზეეუვი 204 1987 ლიმბურგი (ბელგია)
პიერ-ანტუან ჟილე 201 1991 ოოსტენდე (ბელგია)
არჩანჯ იზავ ბოლავი 208 1997 ბრიუსელი (ბელგია)
მანუ ლაკომტე 180 1995 ჟონავოსი (ლიეტუვა)
ალექსანდრ ლიბერი 187 1990 შარლერუა (ბელგია)
ჟან-მარკ მვემა 195 1989 ანტვერპენი (ბელგია)
მარშალ ნელსონი 184 1994 ტაიპანსი (ავსტრალია)
რეტინ ობასოჰანი 183 1993 ასველი (საფრანგეთი)
რობი როგიერსი 206 1997 ანტვერპენი (ბელგია)
ჟან სალუმუ 193 1990 სოპოტი (პოლონეთი)
ლოიკ შვარცი 193 1992 ორლეანი (საფრანგეთი)
ქუენტინ სერონი 190 1990 ბულაზაკი (საფრანგეთი)
ჯონათან ტაბუ 185 1985 ლიმბურგი (ბელგია)
კევინ ტუმბა 206 1991 ბრიუსელი (ბელგია)
ჰანს ვანვიინი 206 1995 ნანტერი (საფრანგეთი)
მწვრთნელი: დარიო ჯიერჯია

 

ურთიერთშეხვედრები

საქართველო-ბელგია        1:3

(ოფიციალური მატჩები)

 

ევრობასკეტი 2001

საკვალიფიკაციო ეტაპი

21.05.1999

საქართველო-ბელგია    63:76

35:38, 28:38

საქართველო: თორთლაძე (31წთ, 8ქ, 2მ, 3პ), ბოისა (33წთ, 22ქ, 1მ), გოგობერიშვილი (16წთ, 1მ, 2პ, 1ჩ), ხოშტარია (7წთ), ჟღენტი (20წთ, 5ქ, 1პ, 2ჩ), ბერძენიშვილი (18წთ, 4ქ, 2მ), ჯაფარიძე (3წთ, 2ქ), ვ. ნაცვლიშვილი (26წთ, 16ქ, 6მ, 2პ), ბეჟანიშვილი (36წთ, 6ქ, 1მ, 2პ), ჩხეიძე (10წთ)

 

ევრობასკეტი 2011

შესარჩევი ეტაპი

05.08.2010. ანტვერპენი

ბელგია-საქართველო    74:64

19:23, 19:18, 16:13, 20:10

საქართველო: გამყრელიძე (13წთ, 2მ, 2პ), ფაჩულია (26წთ, 20ქ, 3მ), ცინცაძე (29წთ, 5ქ, 1მ, 1პ), შერმადინი (14წთ, 5ქ, 3მ), მარკოიშვილი (30წთ, 7ქ, 3მ), სანიკიძე (35წთ, 10ქ, 8მ, 2ჩ, 1დ), გრინი (31წთ, 10ქ), ცქიტიშვილი (8წთ, 3ქ, 3მ), შენგელია (14წთ, 4ქ, 4მ)

 

ევრობასკეტი 2011

შესარჩევი ეტაპი

20.08.2010. თბილისი

საქართველო-ბელგია    63:86

18:15, 11:21, 17:29, 17:21

საქართველო: გამყრელიძე (12წთ, 2პ), ფაჩულია (24წთ, 11ქ, 4მ, 2დ), ცინცაძე (28წთ, 2პ, 3ქ), შერმადინი (16წთ, 9ქ, 2მ, 1პ), ტუღუში (3წთ), მარკოიშვილი (21წთ, 5ქ, 2მ, 1პ), სანიკიძე (35წთ, 8ქ, 10მ, 3პ, 2ჩ, 2დ), მეტრეველი (5წთ, 2ქ), გრინი (30წთ, 11ქ, 3მ), ცქიტიშვილი (12წთ, 5ქ), შენგელია (14წთ, 9ქ, 3დ).

 

ევრობასკეტი 2011

ჯგუფური ეტაპი

31.08.2011, კლაიპედა (ლიტვა)

საქართველო-ბელგია    81:59

20:11, 17:13, 21:18, 23:17

საქართველო: ცინცაძე (32წთ, 8ქ, 4პ), მარკოიშვილი (32წთ, 5ქ, 7მ), ვ. ბოისა (19წთ, 10ქ), სანიკიძე (25წთ, 13ქ, 11მ, 4პ), ფაჩულია (21წთ, 16ქ), გამყრელიძე (3წთ, 1ქ), ა. ბოისა (2წთ, 2ქ), შერმადინი (19წთ, 7ქ, 4მ), ფარღალავა (2წთ), ჰეინსი (14წთ, 4ქ), შენგელია (15წთ, 13ქ), ცქიტიშვილი (17წთ, 2ქ).

 

A ჯგუფის კალენდარი

1 სექტემბერი

15:30 ესპანეთი-ბულგარეთი

18:15 თურქეთი-მონტენეგრო

21:00 ბელგია-საქართველო

 

3 სექტემბერი

15:30 მონტენეგრო-ბელგია

18:15 ბულგარეთი-თურქეთი

21:00 საქართველო-ესპანეთი

 

4 სექტემბერი

15:30 ბულგარეთი-მონტენეგრო

18:15 ესპანეთი-ბელგია

21:00 თურქეთი-საქართველო

 

6 სექტემბერი

15:30 ბელგია-თურქეთი

18:15 მონტენეგრო-ესპანეთი

21:00 საქართველო-ბულგარეთი

 

7 სექტემბერი

15:30 თურქეთი-ესპანეთი

18:15 ბულგარეთი-ბელგია

21:00 საქართველო-მონტენეგრო

A ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს. ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო გავა.