საქართველო ისრაელთან ხუთი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვის ერთ მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე შეთანხმდა
საქართველო ისრაელთან ხუთი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვის ერთ მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე შეთანხმდა

საქართველო ისრაელთან ხუთი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვის ერთ მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე შეთანხმდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან ელინ კოენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან. ჩვენ შევთანხმდით მრავალი მიმართულებით ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე. შევთანხმდით, რომ ხუთი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავისი კოლეგა ელი კოენი საქართველოში მოიპატიჟა.

ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრი საქართველოს სავარაუდოდ, 10 მაისს ეწვევა, როდესაც საქართველო-ისრაელის ერთობლივი საწარმო გაიხსნება.

„მოხარული ვიქნები, თუ ჩემი კოლეგა 10 მაისს გვესტუმრება, როდესაც გავხსნით ერთობლივ საწარმოს. ასევე გაიმართება ბიზნესფორუმი, რომ მაქსიმალურად შევძლოთ კერძო სექტორის დაახლოება და იმ ინტერესის მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ჩვენი ორი ქვეყნის კერძო სექტორს გააჩნია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

დატოვე კომენტარი