საქართველო-ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობაზე კვლევა ჩატარდება
საქართველო-ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობაზე კვლევა ჩატარდება

საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ კვლევა განხორციელდება. კვლევის დაწყებაზე შეთანხმება დღეს, ისრაელის ეკონომიკის და ინდუსტრიის მინისტრ ელი კოენის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

როგორც დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

„მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უზრუნველყოფს ფართო შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს და განავითარებს მრეწველობის სხვადასხვა მიმართულებებს საქართველოსა და ისრაელში, ამასთან მნიშვნელოვნად გაზრდის და გააფართოებს ორივე ქვეყნის ექსპორტს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ისრაელს ეკონომიკის მინისტრს ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით ძალისხმევისთვის.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, დღეს საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.  მისი თქმით, საქართველოში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები, რაც  საერთაშორისო რეიტინგებშიც აისახა.

ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ის ქართველ კოლეგასა და საქართველოს დელეგაციას შეხვდა, აგრეთვე ელი კოენმა საქართველო-ისრაელის ბიზნეს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.