საქართველო იდალგოს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი
საქართველო იდალგოს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი

ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – FINI 2021-ის გახსნის საზეიმო ცერემონია 23 აპრილს გაიმართა. მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფესტივალის პირველივე დღეს მოეწყო ორი გამოფენა – „ათასფერი საქართველო“, რომელიც იდალგოს დედაქალაქში ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და „ქართული ფოტოგრაფია – წარსული, აწმყო და მომავალი“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამავე დღეს, ფესტივალის ოფიციალურ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, გაიმართა ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის – ბადრი ვადაჭკორიას ვიდეოკონფერენცია. 25 აპრილის პროგრამა წარმატებულ ქართველ კინემატოგრაფისტებს – ნინო კირთაძესა და დეა კულუმბეგაშვილს დაეთმო. ნინო კირთაძემ წაიკითხა ონლაინ ლექცია – „ზღვარი დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს შორის“, ხოლო დეა კულუმბეგაშვილმა ისაუბრა თემაზე – „ქართული კინო“.

ფესტივალის პროგრამის და საპატიო სტუმარი ქვეყნის – საქართველოს შესახებ, ასევე ფესტივალის თემის – წყლის რესურსების პრობლემების თაობაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენელმა მარკო ანტონიო ალფარომ, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თამარ გამილაღდიშვილმა და ფესტივალის სტუმრებმა. უკვე მოეწყო ფოტოკონკურსში გამარჯვებული ხელოვანების გამოვლენა და დაჯილდოება, ხოლო დოკუმენტური ფილმების კონკურსზე, ჟიურის საპატიო წარმომადგენელია ნინო კირთაძე.

ფესტივალი მექსიკაში უკვე მეათედ იმართება, მაგრამ პანდემიის გამო ღონისიძიებები ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება 30 აპრილს.