საქართველო ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებს
საქართველო ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ჰონგ-კონგში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და „სარტყლისა და გზის სამიტში“ (Belt and Road Sammit) მონაწილეობს, 28 ივნისს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას „ჰონგ-კონგ ჩინეთთან“ ხელს მოაწერს.

შეთანხმების მიზანია, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ-კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა. მომსახურების სფეროში შეთანხმების პირობების შესაბამისად, საქართველოსთვის მიმზიდველია ტურიზმის სექტორი და ასევე სატრანსპორტო მომსახურება საზღვაო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია გენადი არველაძის მოხსენებით გამოსვლა „სარტყლისა და გზის სამიტზე“, აგრეთვე ორმხრივი შეხვედრა ჰონგ-კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანთან, ედვარდ იაო თენგ-ვასთან.