საქართველო გერმანიის მთავრობისგან ორ მილიონ ევროს მიიღებს, რაც რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება
საქართველო გერმანიის მთავრობისგან ორ მილიონ ევროს მიიღებს, რაც რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება

გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მივიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აზოტმჟავის წარმოების შედეგად წარმოქმნილი სათბური გაზები შევამციროთ, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„იცით, რომ საქართველო 2015 წლიდან არის პარიზის შეთანხმების მონაწილე და ჩვენ ავიღეთ უპირობო ვალდებულება, რომ 90-იანი წლების მაჩვენებელთან შედარებით, სათბური გაზების ემისიების ზრდას 15 პროცენტით შევამცირებდით ქვეყანაში. შესაბამისი საერთაშორისო დაფინანსების შემთხვევაში, ეს იქნებოდა 25-პროცენტიანი შემცირება. ჩვენ გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მივიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აზოტმჟავის წარმოების შედეგად წარმოქმნილი სათბური გაზების შემცირება მოვახდინოთ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსთავის ჰაერის მდგომარეობა გვაწუხებს. ეს არის აქტუალური მიმართულება, რაზეც სახელმწიფო უკვე მუშაობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, რუსთავში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის საკითხზე უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

„შეიქმნა თვითონ რუსთაველებთან, საინიციატივო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატი, რათა მუშა პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეს არ არის ერთი დღის საკითხი. როგორც სხვა მნიშვნელოვან გარემოსდაცვით მიმართულებას სჭირდება, ალბათ რამდენიმეწლიანი პერსპექტივა. ეს ეხება ეკონომიკურ საქმიანობას და რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ეკონომიკური სუბიექტების შესაძლებლობებიც. თუმცა, აპრიორი მნიშვნელოვანია, რომ ბუნება და გარემო შევინარჩუნოთ სუფთა სახით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო გრანტის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღებს ორი მილიონი ევროს დაფინანსებას.

„სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ დამატებით დააფინანსებს მეორე ნაწილს – ორ მილიონ ევროს. საბოლოოდ, ოთხი მილიონი ევროთი მოხდება ახალი ტექნოლოგიების დამონტაჟება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სათბური გაზების დამჭერი ტექნოლოგიები განთავსდეს. ეს მთელი ქვეყნის სათბური გაზების ოთხი-ხუთი პროცენტით შემცირების საშუალებას მოგვცემს. რუსთავისთვის ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარღვევა. თუმცა, ეს არის ერთ-ერთი ელემენტი ზოგადად რუსთავის ჰაერის მართვის პოლიტიკის შემუშავების გზაზე, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩამოყალიბდება. ეს იქნება იმგვარი კომპლექსური დოკუმენტი, როგორიც ჩვენ გვაქვს თბილისის ჰაერის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც ეტაპობრივად არსებულ პრობლემებს მოგვიგვარებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დატოვე კომენტარი