საქართველო გაერო-ს სტატისტიკის კომისიის წევრად აირჩიეს
საქართველო გაერო-ს სტატისტიკის კომისიის წევრად აირჩიეს

ნიუ-იორკში გამართულ გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) შეხვედრაზე საქართველო ერთხმად, კენჭისყრის გარეშე გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრად 4 წლის ვადით აირჩიეს.

უწყების ცნობით, წევრობის მანდატი მოიცავს 2020-2023 წლების პერიოდს. შეხვედრის ფარგლებში 2020-2023 წლების ვადით საერთო ჯამში გაერო-ს სტატისტიკის კომისიის 8 ახალი წევრი აირჩიეს.

გაეროს სტატისტიკის კომისია (UNSC), რომელიც დაარსდა 1947 წელს, გლობალური სტატისტიკური სისტემის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს,რომელიც აერთიანებს მსოფლიოს მთავარ სტატისტიკოსებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

კომისია შედგება გაეროს წევრი 24 ქვეყნისაგან, რომლებიც თანაბარი გეოგრაფიული განაწილების საფუძველზე აირჩევიან გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ, შემდეგი პრინციპით: ოთხი წევრი – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან; შვიდი წევრი – დასავლეთ ევროპის და სხვა ქვეყნებიდან; ოთხი წევრი – აზიის ქვეყნებიდან; ხუთი წევრი – აფრიკის ქვეყნებიდან; ოთხი წევრი – ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან.

გაეროს სტატისტიკის კომისია წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე, სტატისტიკური საქმიანობების შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლეს ორგანოს – სტატისტიკური სტანდარტების დანერგვის, კონცეფციებისა და მეთოდოლოგიების შემუშავებისა და მათი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განხორციელების კუთხით.
ამასთან, კომისია ზედამხედველობას უწევს გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) მუშაობას და ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ფუნქციონალურ ორგანოს წარმოადგენს.

„საქართველო გაერო-ს სტატისტიკის კომისიის წევრი პირველად გახდა, რაც ქვეყნისთვის წარმოადგენს უდიდეს შესაძლებლობას, საერთაშორისო დონეზე შესადარისი სტატისტიკური მეთოდოლოგიების შემუშავების, დანერგვის და ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების თვალსაზრისით.
კომისიის წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მზაობას, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მიმართონ საერთო მიზნების მისაღწევად, რაც ეროვნული სტატისტიკის სისტემის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს”, – აცხადებენ საქსტატში.