საქართველო FAO-ს საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა 
საქართველო FAO-ს საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა 

საქართველო ორი წლის ვადით, 2023 წლის 7 ივლისიდან 2025 წლის 30 ივნისამდე, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრად აირჩიეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება FAO-ს 43-ე კონფერენციის ფარგლებში მიიღეს. კონფერენცია რომში 2023 წლის 1-7 ივლისს გაიმართა.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭო შედგება ორგანიზაციის წევრი 49 სახელმწიფოსგან, რომელთა არჩევაც ორ წელიწადში ერთხელ, ორგანიზაციის კონფერენციის ფარგლებში ხდება.

აღსანიშნავია, რომ საბჭო, კონფერენციის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს აღმასრულებელ ორგანოს. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროსთან, ასევე, ორგანიზაციის სამუშაო პროგრამასთან, ბიუჯეტთან, ადმინისტრაციულ და ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები.