საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე პირველ ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას

თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2019 წლის კენჭისყრა დასრულდა.

შემთხვევითობის პრინციპით გამართულ კენჭისყრაზე გადაწყდა, რომ საქართველო 2019 წლის 14 მაისს, პირველი ნახევარფინალის მეორე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (ისრაელი) და ე.წ. დიდი ხუთეულის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16 მაისს, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება.