საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში დღეს ქეთევან ციხელაშვილის მოხსენებას მოისმენენ
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში დღეს ქეთევან ციხელაშვილის მოხსენებას მოისმენენ

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.

როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა, კომიტეტის წევრები ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

დღის ბოლოს კი გამოქვეყნდება რეზოლუცია, რომელშიც ასახული იქნება ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე, ასევე ქვეყნაში დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანთა უფლებების კუთხით არსებული მიღწევების შესახებ ინფორმაცია.

„ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი მოისმენს სახელმწიფო მინისტრის მოხსენებას ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე, იქ არსებულ მდგომარეობაზე. თქვენ იცით, რომ პარლამენტმა ამ საკითხზე მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და ევროპარლამენტს კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

რა თქმა უნდა, რეზოლუციაში, რომელსაც ჩვენ ჩვენი სამუშაო დღის ბოლოს მივიღებთ, ასახული იქნება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში ვმუშაობთ. ეს არის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს დემოკრატიული რეფორმების განვითარებისა და წინსვლის მიმართულებით. ასევე ასახული იქნება ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, ეკონომიკაში ვაჭრობის თვალსაზრისით არსებული პროგრესი და ის მყარი პოზიცია, რომელსაც ევროპარლამენტი ყოველთვის აფიქსირებს და რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ანუ ევროკავშირის, ევროპარლამენტის პოზიციას, რომ საქართველოს აქვს მომავალი ევროკავშირში“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.