საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები
ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, პრესრელიზში ნათქვამია, რომ ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაციის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება.
„ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოს გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო-ODIHR–ის მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით. ასოცირების საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების გამო.
ევროკავშირმა მოუწოდა მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ და ყველა მხარეს ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და გაერთიანება საერთო მიზნების იდენტიფიკაციისა და შეთანხმების ირგვლივ. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.
ასოცირების საბჭომ განმეორებით მოუწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაციის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება“, – აღნიშნულია პრესრელიზში.