ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრესრელიზში ნათქვამია, რომ საქართველომ წარმოადგინა თავისი გეგმები 2024 წლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით.
2021 წლის 16 მარტს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა. ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიში და შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ.
„მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, რომ ერთობლივად გააგრძელებენ ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას. ასოცირების საბჭო მიესალმა არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ხარისხსა და სიხშირეს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მის შედეგებზე აქტიური მუშაობა. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება. ასოცირების საბჭო მიესალმა 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლის მიზანია თვის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, განხორციელებისთვის პრიორიტეტების დასახვა. საქართველომ წარმოადგინა თავისი გეგმები 2024 წლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს პროგრესს ევროპულ გზაზე, მათ შორის COVID-19-ის გამოწვევების ფონზე და აღიარა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა როგორც ვირუსის შეკავების, ისევე მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის კუთხით.
„ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს პროგრესს ევროპულ გზაზე, მათ შორის COVID-19-ის გამოწვევების ფონზე და აღიარა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა როგორც ვირუსის შეკავების, ისევე მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის კუთხით. ორივე მხარემ აღიარა COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის სწრაფი დახმარების გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც სოლიდარობის თვალსაჩინო ნიშანი.
ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა უწყვეტი ვალდებულება, ხელშესახები სარგებელი მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ძირითად სფეროებში: ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა; დაკავშირებულობა, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატური ცვლილებები; მობილობისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
ამასთან, ასოცირების საბჭო საქართველოში ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს მიესალმება.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ძალისხმევა ამ მიმართულებით.
„ასოცირების საბჭო მიესალმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს. ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ძალისხმევა ამ მიმართულებით და მოუწოდა, გააგრძელოს ძალისხმევა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად განხორციელების მიზნით და უზრუნველყოს ყველა უმცირესობის წარმომადგენელთა დაცვა და გენდერული თანასწორობა. საბჭომ განმეორებით დაადასტურა ერთგულება ადამიანის უფლებების უნივერსალობის პრინციპისადმი, განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს შრომის ინსპექტირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში, იმისათვის რომ მეტად გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და ამ სფეროში არსებული გამოწვევები გადაიჭრას საერთაშორისო და ევროპული შრომითი სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, საუბარი შეეხო ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
ამასთან, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჩათვლით.
„ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჩათვლით, – ამის შესახებ ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.
აგრეთვე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის ნათელი გამოხატულებაა.
„ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, სახელმწიფოთაშორის საქმეზე, რომელიც ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს, რომლითაც დაასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, რომელიც „ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე“, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე დებულება.
ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გადამწყვეტ მნიშვნელობას, 2008 წლის აგვისტოს საქართველო -რუსეთის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირებისა და მათი გადაჭრის მიზნით. საბჭომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სრულყოფილი და ეფექტიანი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRMs) უმნიშვნელოვანესია ადგილზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით, საბჭო მიესალმა ერგნეთის IPRM შეხვედრების განახლებას და ხაზი გაუსვა გალის IPRM განახლების გადამწყვეტ მნიშვნელობას“, – ნათქვამია პრესრელიზში.