საქართველო ჟილ მიულერის ლუქსემბურგს ბასილაშვილის გარეშე შეხვდება
საქართველო ჟილ მიულერის ლუქსემბურგს ბასილაშვილის გარეშე შეხვდება

მიმდინარე კვირაში კაცებს შორის ჩოგბურთში პროფესიული ტურის ტურნირები არ იმართება, რადგან 6-8 აპრილს დევისის თასის მატჩებია დაგეგმილი.

საქართველოს ნაკრებს სტუმრად ლუქსემბურგის წინააღმდეგ უწევს მატჩი ევროპა-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში დასარჩენად. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა ეს ამოცანა თავისი ლიდერის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე უნდა გადაჭრას, რომელმაც ტრავმის გამო თქვა უარი თამაშზე.

საქართველოს ნაკრებში ოთხი მოთამაშეა: გიორგი ცივაძე (1087-ე ნომერი), ვაჟა შუბლაძე (1839), ალექსანდრე მეტრეველი (ურეიტინგო) და ზურა ტყემალაძე (ურეიტინგო). გუნდის კაპიტანია – დავით კვერნაძე.
მეტოქისგან განსხვავებით, ლუქსემბურგს თავისი ლიდერი ეყოლება – მსოფლიოს 28-ე ჩოგანი ჟილ მიულერი. მასპინძელთა მეორე ნომერი ალექს კნაფი მსოფლიოს 1252-ე ჩოგანია, კიდევ სამ მოთამაშეს კი ATP-ში რეიტინგი არ გააჩნია.

მატჩი ლუქსემბურგში, დარბაზში, ჰარდის საფარის კორტზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროპა-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში პირველი წრე წააგო მაროკოსთან – 1:3, ლუქსემბურგი კი რუმინეთთან დამარცხდა – 1:4.

ლუქსემბურგსა და საქართველოს შორის მოგებული ევროპა-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში დარჩება, წაგებული – მესამე ჯგუფში გავარდება.