საქართველო „დედამიწის საათს“ დღეს მეათედ აღნიშნავს
საქართველო „დედამიწის საათს“ დღეს მეათედ აღნიშნავს

„დაუკავშირდი დედამიწას“  – „დედამიწის საათის“ მეთერთმეტე რაუნდი მსოფლიოში დღეს, 24 მარტს აღინიშნება. ადგილობრივი დროით, საღამოს 20:30 საათიდან, კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „დედამიწის საათთან“ დაკავშირებით, 20:30 საათიდან, ერთი საათის განმავლობაში შუქს ჩააქრობენ –  საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში; გაერო-ს სახლში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, მშვიდობის ხიდზე, აღმაშენებლის გამზირზე – თამარ მეფის გამზირიდან პასტერის ქუჩამდე, კარგარეთელისა და ბაქოს ქუჩებს შორის, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, მარჯანიშვილის მოედანზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების ბაღში, ახალ აღმაშენებელზე.

ასევე,  გამოირთვება საჯარო რეესტრის შენობის, მეჩეთის, ნარიყალას, საპატრიარქოს შენობის, მეტეხის ხიდის, ზემო და ქვემო ბეთლემის,  ფერიცვალების ეკლესიის, სატელევიზიო ანძის, ქართლის დედის და თავისუფლების მოედანზე მდებარე წმინდა გიორგის მონუმენტის მინათება. შუქი ჩაქრება ბალნეოლოგიური კურორტის, წითელი ჯვრის შენობებში, დედაენის ბაღში და სხვა კერძო ორგანიზაციებში.

აქციის ფარგლებში, თბილისის სატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდება.