საქართველო და უკრაინა COST-ის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ
საქართველო და უკრაინა COST-ის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ

საქართველო და უკრაინა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა COST-ის ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების მიმართულებით.

მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორ რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა და მასთან პირადად განიხილა COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების საკითხი.

2022 წლის 14 თებერვალს მიხეილ ჩხენკელმა ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ შესაბამისი განაცხადი გააკეთა. შედეგად, 30-31 მარტს პარიზში უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა საქართველოსა და უკრაინის ევროპული თანამშრომლობის ოჯახში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი და ორივე ქვეყანა COST-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

„ვულოცავ მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულუფლებიან წევრობას. ეს გახლავთ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. COST-ის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ ჩვენს განაცხადზე ერთსულოვნად მიღებული დადებითი გადაწყვეტილება ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველოს სამეცნიერო სფერო ევროპული კვლევითი სივრცის ნაწილია. მოხარული ვარ, რომ ამიერიდან ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულად ისარგებლონ COST-ის მრავალფეროვანი ქსელური ინსტრუმენტებით, გააფართოონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და უზრუნველყონ თავიანთი კვლევითი პროექტების საერთაშორისო წარმატება. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული ასოციაცია COST-ის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოს სტატუსი უაღრესად მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ ორგანიზაციის სტრატეგიული მომავლის ფორმირების პროცესშიც“, – განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

თავის მხრივ, COST-ის ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ალენ ბერეცმა საქართველოსა და უკრაინისთვის COST-ის სრულუფლებიანი წევრობის მინიჭების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ამ ორი ქვეყნის ევროპული კვლევებისა და ინოვაციების ლანდშაფტში ინტეგრაციას.

აღსანიშნავია, რომ COST-ის ასოციაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ ერთ-ერთ უძველეს ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1971 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპელ მკვლევრებს შორის კავშირების დამყარებას, ასევე, მათი კვლევითი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას სემინარების, ვორქშოფების, კონფერენციების ჩატარების, საზაფხულო სამეცნიერო სკოლების შეთავაზებითა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.