საქართველო და ევროკავშირი ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომას გამართავენ
საქართველო და ევროკავშირი ასოცირების კომიტეტის მეექვსე სხდომას გამართავენ

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის რიგით მეექვსე სხდომა დღეს დისტანციურად გაიმართება.

სხდომას, როტაციის პრინციპის შესაბამისად, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი წარუძღვება. საქართველოს დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი უხელმძღვანელებს. სხდომაში ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახური, ევროკომისია და საქართველოს სამთავრობო უწყებები მიიღებენ მონაწილეობას.

ასოცირების კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც განიხილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, კერძოდ კი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის მიმდინარეობა.

ამ კონტექსტში განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოში ასოცირების დღის წესრიგით სხვადასხვა სფეროში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები, ასევე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიხედვით თანამშრომლობა ვაჭრობის, ტრანსპორტის, კავშირების, ენერგეტიკის და განათლების სფეროებში.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხება „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავების პროცესში თანამშრომლობას და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დახმარებას.

მხარეები ასევე ისაუბრებენ 2021 წელს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელმაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ახალი მიზნები უნდა განსაზღვროს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.