საქართველო ბელარუსს, კოსოვოს ან აზერბაიჯანს შეხვდება - ისტორიული ნახტომი მე-4 კალათაში 
საქართველო ბელარუსს, კოსოვოს ან აზერბაიჯანს შეხვდება - ისტორიული ნახტომი მე-4 კალათაში 

ერთა ლიგის “დ” დივიზიონის სამ ჯგუფებში თამაშები დასრულდა და ბევრი რამ გაირკვა.

საქართველოს ნაკრები „დ“ დივიზიონში ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ჯგუფში გამარჯვება ორი ტურით ადრე იზეიმა, ყაზახეთთან მოგებით კი 16 ქულა დააგროვა და ერთა ლიგის ნახევარფინალის მასპინძლობა გაინაღდა. 

ამავე დროს, “ჯვაროსნებმა” თავიანთ დივიზიონში საუკეთესო რეიტინგი მოიპოვეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში უფრო სერიოზულ, “ც” დივიზიონსი ვითამაშებთ, უეფას რეიტინგში მე-40 ადგილზე ვართ, რითაც ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში მე-4 კალათაში მოვხვდით.

ამავე რეიტინგის საფუძველზე მოხდება ერთა ლიგის ლიგის ნახევარფინალში ნაკრებების დაწყვილება: რეიტინგში მე-40 გუნდი 43-ეს უმასპინძლებს, ხოლო 41-ე ადგილზე მყოფი – 42-ე ადგილოსანს. ფინალური მატჩის მასპინძლის ვინაობა კი წილისყრით გადაწყდება.

ახლა ასეთი ვითარებაა: საქართველოს 16 ქულა აქვს, მაკედონია 15-ით მეორეზეა, ბელარუსი კი 14 ქულით – მესამე. დარჩა მხოლოდ მე-3 ჯგუფის თამაშები: კოსოვო (11 ქულა) დღეს აზერბაიჯანს (9 ქულა) მიიღებს და თუ მოიგებს, 14 ქულა ექნება, ხოლო აზერბაიჯანი თუ აჯობებს – 12 ქულა. ანუ რეალურად, უკვე ცნობილია, რომ საქართველომ და მაკედონიამ ბელორუსსაც გადაასწრეს და კოსოვოსაც (ან აზერბაიჯანს).

ნახევარფინალში საქართველო ბელარუსს უმასპინძლებს, კოსოვოს თუ აზერბაიჯანს, ამას დღეს შევიტყობთ.

მატჩი კოსოვოსა და აზერბაიჯანს შორის თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

კოსოვოს გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს, კოსოვო კი მაკედონიას ესტუმრება; თუ მატჩი ფრედ დამთავრდა, თბილისში კოსოვოს ნაკრები ჩამოვა, მაკედონია კი ბელარუსს მიიღებს, ხოლო თუ აზერბაიჯანმა მოიგო, თბილისში სამხრეთკავკასიური დერბი გაიმართება, მაკედონიაში კი მასპინძლები ბელარუსთან გააკრვევენ ურთიერთობას.