საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის, კახა კალაძე სპეციალური მედლით დაჯილდოვდა
საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის, კახა კალაძე სპეციალური მედლით დაჯილდოვდა

თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა. დედაქალაქის მერს ჯილდო საქართველოში აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა დურსუნ ჰასანოვმა გადასცა.

დურსუნ ჰასანოვის განცხადებით, კახა კალაძეს მედალი და საპატიო ორდენი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე თბილისსა და ბაქოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გამო გადაეცა.

„აზერბაიჯანის სახელმწიფო, აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ყოველთვის აფასებდნენ კახა კალაძის მიღწევებს. იგი, მერის რანგში, დღესაც აგრძელებს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობასა და თანამშრომლობას. აზერბაიჯანის მთავრობის სახელით მერი დაჯილდოებულია „აზერბაიჯანის დიპლომატიური ორდენით“, – განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში.

თბილისის მერმა კახა კალაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ხელისუფლებას საპატიო ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ეს ჯილდო, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიურ ურთიერთობებში ჩემ მიერ შეტანილი წვლილისთვის გადმომეცა. მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასეთი ჯილდოსთვის. როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, რომელშიც გათვალისწინებული იყო საქართველო-აზერბაიჯანის ინტერესები. მიხარია, რომ ეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ხდება. აზერბაიჯანი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ამ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრას „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი მახირ მამედოვი დაესწრო.