საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ხუთი მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ხუთი მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ხუთი მოქალაქე შემოწმების შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ მოქალაქეთა რიცხვი კი 130-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, ეს ადამიანები არიან ერთ-ერთი რეისით საქართველოში დაბრუნებული მგზავრები, შესაბამისად, როგორც ხიზანშვილი ამბობს, დაემატა მესამე საკარანტინო ლოკაცია.

ბოლო მონაცემებით, კახეთში თვითიზოლაციაში 198 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ სამი მოქალაქე კარანტინში მოათავსეს. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კახეთში ვირუსის პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვის გამო დამსაქმებლებს მოუწოდა, თავად უზრუნველყონ მხოლოდ აუცილებელი პერსონალის ტრანსპორტირება. მან ასევე განაცხადა, რომ რეგიონში მცხოვრებ მუსლიმებთან შეთანხმებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მასშტაბურად ვერ აღინიშნება მუსლიმთა „ნოვრუზ ბაირამის” დღესასწაული.

ქვეყნის მაშტაბით დადგენილ შეზღუდვებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად სამართალდამცავები გააკონტროლებენ.

დატოვე კომენტარი