საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიას ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიას ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომისიის პირველი სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება.

„კომისიის შემადგენლობა განახლდა და დაკომპლექტებულია სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით. მიღწეულია შეთანხმება ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან, რომ მომდევნო კვირაში, სამშაბათს, ოთხშაბათს გაიმართება კომისიის პირველი სხდომა.

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება, რომ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ეს არის სენსიტიური საკითხი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყოველგვარი ემოცია გვერდზე გადავდოთ და კომისიას მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ ვითარებაში, ისე, როგორც ჩვენს პარტნიორობას შეეფერება, განაგრძოს მუშაობა და მიღწეულ იქნას ორივე მხარისთვის მისაღები შედეგები“, – განაცხადა ზალკალიანმა.