საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის განცხადებით, 2006-2007 წლებში კომისიის მუშაობის შედეგად ჩიჩხიტურის კოშკისა და აღდგომის ტაძრის ტერიტორია აზერბაიჯანულ მხარესთან არ შეთანხმებულა.

ამის შესახებ მელაშვილმა ჟურნალისტებს პროკურატურაში გამოკითხვის დაწყებამდე განუცხადა.

„გამომძიებლებმა მთხოვეს მოსვლა. ცხადია, დავთანხმდი. იმდენი მასალა ამოიღეს, რომ ალბათ კითხვები ამ მასალასთან დაკავშირებით ექნებათ. ამოიღეს არა მხოლოდ რუკები, არამედ საარქივო მასალები, ჩანაწერები, სხდომისა და შეხვედრების ოქმები, მათ შორის ოქმებში საუბარია გარკვეულ შეთანხმებებზე.

ჩიჩხიტურის და უდაბნოს ტაძრის ტერიტორია არ შეთანხმებულა, მაგრამ ჩიჩხიტურამდე არ მისული რაღაც მონაკვეთი, ასევე დაბლა ჯანდარის ტბასთან და კიდევ სხვა მონაკვეთები შეთანხმებულია. ეს მოხდა, ალბათ 2006-2007 წლებში.

დავით გარეჯის ისტორიული სამონასტრო კომპლექსი არის ძალიან დიდ ტერიტორიაზე გადაშლილი. შედის თუ არ ვცდები 15 თუ 16 სამონასტრო კომპლექსი, რომლის უმეტესი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა. ეს ცალსახაა და ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ არ აყენებს. ლაპარაკი არის მხოლოდ დავით გარეჯის ქედზე, რომლზე საზღვარი საბჭოთა კავშირის დროს იქნა დადგენილი. ამ ქედზეა საუბარი და ქედის იქით, ანუ პირობითად რომ ვთქვათ, დღევანდელი რეალობით, აზერბაიჯანის მხარეს არის კელიები და ზედ ქედზე არის აღდგომის ტაძარი, მათ შორის ჩიჩხიტურის კოშკი, რომლის ერთი კუთხე ქედზეა. ეს ყოველთვის განხილვის საგანი იყო, მაგრამ რაიმე შეთანხმება მათზე არ ყოფილა. სამწუხაროა, რომ ზედ ქედზე დადგინდა საზღვარი ჯერ 1929 წელს და შემდეგ 1938 წელს, არის რუკებზე რა მონახაზიც შეთანხმდა, რეალობა და ფაქტები ეს არის“, – განაცხადა მან.

კომისიის ყოფილი წევრი პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს და პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას არჩევნებს უკავშირებს. ამასთან, მელაშვილი გამორიცხავს, რომ გამოძიებამ კომისიის მუშაობაში რამე კანონსაწინააღმდეგო იპოვოს.

„გამოვრიცხავ, რომ რამე კანონსაწინააღმდეგო იპოვონ, ეს დიდი ტყუილია. სამწუხაროდ, მე უფრო მგონია, რომ პოლიტიკურია იმიტომ, რომ პროკურატურის განცხადებაში იყო, რომ თავდაცვის სამინისტრომ მოგვმართა და ა.შ. თუ ვინმეს რამე მასალა, რუკა ან რაღაც დამამტკიცებელი საბუთი ნამდვილად ჰქონდა, ქართული მხარის პოზიცია რომ გამყარებულიყო, არც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოლეულა სათათბირო ოთახები, სადაც შეიძლებოდა ამის განხილვა და არც სხვა ნებისმიერ სამინისტროში. ამის ნაცვლად, თითქოს პროკურატურაში ვიღაცამ რაღაც გადააგზავნა და შემდეგ საქმე აღიძრა, შესაბამისად, ვფირობ, ეს დაკავშირებულია არჩევნებთან.

აგორებულია სიბინძურე და დიდი ტალახი, რომ სახელმწიფო ღალატსა და ტერიტორიების გადაცემაში ხდება დადანაშაულება, რაც სამწუხაროდ, ამ კომისიის წევრებზეა გადმოსროლილი. ჩემი აზრით, ეს სისაძაგლეა პირველ რიგში, ამ ხალხთან მიმართებით და მერე ქვეყანასთან მიმართებით. ასევე, მოლაპარაკების პროცესისთვის არის ძალიან საზიანო“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

მისივე თქმით, დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია 2006-2007 წლებში ძირითადად, 1 938 წლის რუკაზე დაყრდნობით მუშაობდა, თუმცა იყენებდა სხვა მასალებსაც.

„კომისიამ მუშაობისას ნებისმიერი მასალის, რუკა იქნებოდა თუ სხვა დოკუმენტი, ყველაფრის ანალიზი გააკეთა. ჩვენ ვხელმძღვანელობდით 1 938 წლის რუკით, ეს იყო ძირითად საფუძვლად აღებული, მაგრამ 1 938 წლის რუკა არის წვრილმასშტაბიანი, სადაც დეტალიზაციას ვერ გააკეთებ. შესაბამისად, სხვა კარტოგრაფიული მასალაც იქნა გამოყენებული, რომელიც უფრო დეტალურია და ზუსტად შეესატყვისება იმ ხაზს, რომელიც იმ ხელმოწერილ რუკაზეა დატანილი“, – აღნიშნა მან.

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში გუშინ საგამოძიებო ჩხრეკა ჩატარდა. ივერი მელაშვილი 2006-2017 წლებში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრი იყო.  ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში მუშაობს.

საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.