საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ინციდენტისას დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ინციდენტისას დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ პირს, გიორგი იჩუკაიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

სხდომაზე საკუთარი უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა და სასამართლოს სიტყვით მიმართა.

„მე ავედი ჩიჩხიტურზე ქართველებისთვის, ჩემი ძმებისთვის. მე არავის მოკვლა არ მინდოდა, არც ის მინდოდა, რომ ქართველების ხელით მოვმკვდარიყავი. მე ვარ ქართველი და ისინი არიან ჩემი ძმები. რაც შეეხება კონფლიქტს, იქვე, როდესაც იარაღი მეჭირა, მაშინ მოვუხადე ბოდიში იმ ბიჭს, მესაზღვრეს, რათა შევატყე, შეშინდა. ასეა საჭირო-მეთქი, თქვენი ხელით არ უნდა მოვკვდე და ჩიჩხიტურზე ასვლამდე თქვენ მესვრით, ამიტომ მჭირდები-მეთქი. არც ავტომატი წამირთმევია, როგორც საუბრობდით. უბრალოდ მეკიდა ხელი იარაღზე, არ გამომიყენებია. რამდენიმე წუთი, რაც იქ ვიყავით მე და ის მესაზღვრე, ერთად ვიცავდით საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ ეს მარტო მე არ გამიკეთებია, ჩვენ გავაკეთეთ ერთმანეთის გვერდში დგომით. ჰაერში არაფერი არ მისვრია, არც ჩიჩხიტურზე არ გამისვრია. მინდოდა ჩიჩხიტურზე ასვლა, მაგრამ არ ამიშვეს. ბოლს ბორკილები დამადეს და წამომიყვანეს. როდესაც ჩამოვყავდით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დავუძახე, რომ გარეჯი საქართველოა“, – განაცხადა გიორგი იჩუკაიძემ.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მოსამართლის გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო ამომწურავი გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა საფუძველი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ბრალდებული გაანადგურებდა საქმისთვის საინტერესო ინფორმაციას“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა.

„ბრალდებულმა თავადაც ახსენა სხდომაზე, რომ იყო იარაღის მოთხოვნა მესაზღვრეების მიმართ. ჩვენს მიერ წარდგენილი ბრალი სწორედ ამას გულისხმობს, რომ მოითხოვა იარაღი, ხელში ეკავა ყუმბარა და იარაღი. შესაბამისად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ითხოვდა იარაღს“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება, იძულება და მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გიორგი იჩუკაიძე 14 იანვარს დააკავეს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

დატოვე კომენტარი