საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების განახლება მომავალი წლიდან იგეგმება
საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების განახლება მომავალი წლიდან იგეგმება

საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების განახლება მომავალი წლიდან იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრისას აღინიშნა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ასევე, პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს აზერბაიჯანში, რომელიც მხარეებმა პროდუქტიულად შეაფასეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე.

„აღინიშნა, რომ პროცესი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, ორივე სახელმწიფოს ინტერესებისა და მეგობრობის გათვალისწინებით უნდა განვითარდეს.

საუბარი შეეხო სატრანსპორტო დერეფნის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის, ასევე ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ათვისების კუთხით ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას.

ამ კონტექსტში პოზიტიურად შეფასდა სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის – ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) გახსნა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ და ხაზი გაუსვა მეგობარი სახელმწიფოების ძალისხმევის მნიშვნელობას მისი დროულად გათავისუფლების პროცესში. გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“ ,- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.