საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნება
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნება.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით კონცერტი გაიმართა, რომელზეც განჯის სახელმწიფო ფილარმონიის კამერულმა ორკესტრმა დაუკრა.
კონცერტამდე აუდიტორიის წინაშე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წარდგა სიტყვით და ორ ქვეყანას შორის ისტორიულ მეგობრობაზე და კეთილ მეზობლობაზე ისაუბრა.
„ჩვენ შევქმენით არა მხოლოდ შესანიშნავი სამეზობლო ურთიერთობა, არამედ სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ჩვენს საერთო გაგებასა და შორსმჭვრეტელ ხედვებს ეფუძნება. ჩვენ უკვე გავამყარეთ კავშირები ყველა შესაძლო სფეროში, წამოვიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტები, დღევანდელ გამოწვევებში ჩვენ ერთმანეთს ვენდობით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, დამსწრეებს მიმართა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა დურსუნ ჰასანოვმა. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. მან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და ენერგეტიკის, აგრეთვე სატრანსპორტო კუთხით ურთიერთობებზე ისაუბრა.
„თქვენ იცით, რომ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები ყოველდღიურად უმჯობესდება. თავის დროზე ამას საფუძველი ჩვენმა ეროვნულმა გმირმა, ჰეიდარ ალიევმა ჩაუყარა. საქართველო და აზერბაიჯანი მოძმე ერებია, ჩვენ ყველა სფეროში მაღალ დონეზე ვთანამშრომლობთ – იქნება ეს ეკონომიკა თუ პოლიტიკა. ისღა დაგვრჩენია, სამომავლოდაც ასე გავაგრძელოთ“, – აღნიშნა ელჩმა.